2009-12-29 09:49:25
"პარტნიორობა სწავლებისათვის" - საქართველო
2009-12-29 09:49:25

"პარტნიორობა სწავლებისათვის" - საქართველო

2008 წლის 13 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია "მაიქროსოფთს" შორის სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების მიზნით გაფორმდა მემორანდუმი. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს თანამშრომლობის ჩარჩოებს სამინისტროსა და კორპორაცია "მაიკროსოფთს" შორის გლობალურ პროგრამაში "პარტნიორობა სწავლებისათვის".

"პარტნიორობა სწავლებისათვის" სოციალური პროგრამაა, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენების გზით საქართველოში განათლების განვითარების ხელშეწყობა. პროგრამა იძლევა მოსწავლეებზე, პედაგოგებზე და სკოლებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების საშუალებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კომპანია მაიკროსოფტი გამოხატავს მზაობას დააფინანსოს სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები.

კორპორაცია "მაიკროსოფტის" მიერ პროგრამა "პარტნიორობა სწავლებისათვის" - დაიწყო 2003 წელს და 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის დაფინანსებისათვის გამოიყო 250 მილიონი აშშ დოლარი;
პროგრამა განხორციელებულია 100 ქვეყანაში და ჩართულია 90 მილიონამდე მასწავლებელი და მოსწავლე; (მათ შორის: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, დანია,ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია და ა.შ.)
2008 წლიდან მომავალი 5 წლიანი ციკლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში ჩართული ქვეყნებისათვის კომპანია მაიკროსოფტი გეგმავს 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას.

პროგრამა არ ისახავს მიზნად კომერციულ ან სარეკლამო ტიპის ინტერესებს, აქედან გამომდინარე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტების დამკვიდრება ასევე არ შედის პროგრამის მიზნებში.

2009-12-27 04:51:38
დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა
2009-12-27 04:51:38

დიმიტრი შაშკინი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

დიმიტრი შაშკინი საქართველოს 70-მდე რაიონის ქალაქისა და სოფლის 170 საჯარო სკოლის დირექტორს შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სკოლის დირექტორებთან განათლების სფეროში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებაზე, კერძოდ, მოსწავლის ტრიმესტრული და წლიური ნიშნის გამოთვლის წესზე. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ახალი მექანიზმით მოსწავლეს არცერთი მეათედი ქულა არ ეკარგება და ობიექტურად ასახავს მის ცოდნას. მინისტრმა დირექტორებს დაავალა აღნიშნული ცვლილების არსი ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს სწორად და დეტალურად აუხსნას, რათა ამ თემასთან დაკავშირებული გაუგებრობა საბოლოოდ აღმოიფხვრას.

დირექტორებთან შეხვედრაზე მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო, მათ შორის: მასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერებს, სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებს, მასწავლებელთა სერტიფიცირებას, სასკოლო ჟურნალებს, სახელმძღვანელოებს და ა.შ. დიმიტრი შაშკინმა დირექტორების შეკითხვებსაც უპასუხა მცირეკონტიგენტიანი სკოლების დაფინანსებაზე, დოტაციური სკოლების დირექტორთა ხელფასებზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, დირექტორების არჩევნებზე და სხვა.

2009-12-06 05:58:54
გაამართლა თუ არა 12 წლიანმა სწავლებამ
2009-12-06 05:58:54

გაამართლა თუ არა 12 წლიანმა სწავლებამ

განახლებული განათლების რეფორმის შესაბამისად, 2008-2009 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა 12 წლიანი გახდა, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა, სხვადასხვაობასაც ვერ დავარქმევთ, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი დღესაც ეჭვის თვალით უყურებს ამ ნოვაციას... წელს ქართულმა სკოლებმა პირველი მეთორმეტეკლასელები გამოუშვეს. სასწავლო წელი მათთვის და პირველკლასელებისთვის უკვე დასრულდა. დანარჩენ მოსწავლეებს კი სკოლები თავიანთი გადაწყვეტილების შესაბამისად, არაუგვიანეს, 19 ივნისამდე დაითხოვენ. გაამართლა თუ არა დამატებულმა მეთორმეტე წელმა და რა სიახლეებია მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებში, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა უგულავა გვესაუბრება.

- ქალბატონო მარინა, წელს ქართულმა სკოლებმა პირველი მეთორმეტეკლასელები გამოუშვეს. რას გვეტყოდით, რამდენად გაამართლა მიზანმა, რის გამოც სწავლა თორმეტწლიანი გახდა? დამატებული ერთი წელი დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს თუ ის მომავალი აბიტურიენტისათვის მართლაც გარკვეული მოსამზადებელი ეტაპი აღმოჩნდა?

- ვფიქრობ, მეთორმეტე კლასის დამატება უშედეგო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან მოსწავლე ამ ასაკში მეტად ჩამოყალიბებულია პიროვნულად და ინტელექტუალურად, მობილიზებულია ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს და საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების შესაბამისად წარმართოს თავისი ცხოვრება. ხშირად აქტიურად ერევიან მშობლები შვილების ცხოვრებაში და მათ მაგივრად ირჩევენ შვილების მომავალ პროფესიას. ჩემი სტუდენტობის დროს ზოგი მეზობლის ჯიბრზე და ზოგიც ნათესავებში თავის მოსაწონებლად აბარებდა პრესტიჟულ სპეციალობებზე. 10-12 წელი ცდილობდა, მაგრამ მაინც აბარებდა და უმეტესობას ერთი დღეც არ უმუშავია თავისი პროფესიით. 17-18 წლის ახალგაზრდა კი უკვე სავსებით მობილიზებულია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი და სწორი არჩევანი გააკეთოს. წელს პირველი წელია და, ბუნებრივია, არის ამ მხრივ რიგი საკამათო საკითხები და ხარვეზები, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანმა გაამართლა. მეთორმეტე წელი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია უმაღლეს განათლებაზე ორიენტირებული ახალგაზრდებისათვის. კონსტიტუციურად სავალდებულო კი ჩვენთან ცხრა კლასის ბაზაა და მოსწავლეს სურვილის შესაბამისად შეუძლია ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სკოლიდან გავიდეს და პროფესიულ სასწავლებელში სასურველ ხელობას დაეუფლოს.

- ცნობილია, რომ მე-12 კლასებში მოსწავლეები სკოლაში თითქმის არ დადიან და მხოლოდ ფორმალურად ირიცხებიან...

- წელს პირველი წელი იყო და, შესაბამისად, მოსწავლეები ფსიქოლოგიურად არ იყნენ მზად დამატებითი მე-12 კლასისათვის. ჯერ კიდევ უამრავი ნიუანსია, რაზეც ბევრი მუშაობა მოგვიწევს. მოსამზადებლად წინ მთელი ზაფხული გვაქვს და ყველა სკოლასთან გვექნება შეხვედრები და საუბარი იმ საკითხებზე, თუ ვინ როგორ მოემზადება უკვე შემდგომი მეთორმეტე კლასებისათვის. ნებისმიერ სკოლას საშუალება აქვს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, შეარჩიონ პროგრამა, შეიტანონ თავიანთ რესურსებზე დაფუძნებული სიახლე სკოლაში. ამჯერად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ სკოლის მოთხოვნილების შესაბამისად, გაკეთდეს სახელობო პოპულარიზაციები საშუალო საფეხურზე (მე-9 - მე-12 კლასებში), რომ კურსდამთავრებულმა უკვე გარკვეული ხელობაც იცოდეს.აქცენტი კი განსაკუთრებით იმ საგნებზე გაკეთდება, რაც მოსწავლეს ეროვნულ გამოცდებზე ექნება ჩასაბარებელი.

მალე მასწავლებელთა სერთიფიცირება დაიწყება. მასწავლებელზე, ვინც ამ კონკურსს გაუძლებს და შეძლებს, მოიპოვოს სერთიფიკატი, განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება. ამდენად, პროფესიონალი მასწავლებლები იზრუნებენ იმაზე, რომ ნაყოფირი და საინტერესო გახადონ ყოველი საათი საშუალო საფეხურის კლასებში, იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლე აბიტურიენტობისთვის მომზადებას სკოლაშივე გადიოდეს.

_ როგორც ვიცი, აბიტურიენტებმა მომავალი ეროვნული გამოცდებისთვის განაცხადები ჩააბარეს და უკვე რეგისტრაციაც გაიარეს. სტუდენტობის მსურველი რამდენი აბიტურიენტია დღეისათვის რუსთავში? რა სიახლეებია ეროვნულ გამოცდებში?

_სიახლეების შესახებ თითოეულ აბიტურიენტს ვაცნობეთ და დავურიგეთ ბუკლეტები, თუმცა, ძირეული სიახლე არაფერია, გარდა იმისა, რომ შარშანდელი ქულები არავის შეენახა, რადგან თერთმეტწლიანებს უკვე მეთორმეტე კლასდამთავრებულები დაემატნენ და საჭირო იყო, თანაბარ პირობებში გაეწიათ კონკურენცია ერთმანეთისთვის. ასევე, წელს ქულათა კომპეტენციის ზღვარი 14-ის ნაცვლად 25 ქულით განისაზღვრება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს ქართულ სკოლებს, წელს კი არაქართულენოვან სკოლებს არ ჰყოლიათ გამოსაშვები კლასები. გასული წლის მონაცემებით 1053-მა აბიტურიენტმა შემოიტანა განაცხადი მხოლოდ არაქართული სკოლებიდან. წელს კი 1174 აბიტურიენტი აპირებს ჩაბარებას მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებიდან. ბევრი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში დასაქმება დღესდღეობით ძალიან პრობლემურია, პროფესიულ სასწავლებლებში ამჯობინებს სწავლის გაგრძელებას.

- პრესტიჟული პროფესიები ახსენეთ. დღეისათვის რომელ პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები. რომელია მეტად პრესტიჟული?

- პრესტიჟულად, ამჯერად, იურიდიული და საფინანსო სპეციალობები ითვლება. ყველაზე მეტი განაცხადიც ამ ფაკულტეტებზე შემოვიდა. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ პედაგოგიური განათლების მიღების მსურველი ძალიან ცოტაა. ამას სერიოზულად განვიცდით და ვფიქრობთ, როგორ გავუწიოთ პოპულარიზაცია ამ პროფესიას.

ჩვენი ბავშვების ოცნებები და მისწრაფებები მეტად პრაქტიკული და რაციონალური გახდა, ვიდრე წინა თაობებისა იყო. იმდენად სწორი მიდგომა აქვთ ყველა ქმედებისადმი, რომ ვფიქრობ, ჩვენც ბევრი უნდა ვისწავლოთ მათგან.


ნონა ქარქაშაძე
22.05.2009
ინფორმაცია მოწოდებულია: გაზეთი „რუსთავი“
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გაზეთი.

0000-00-00 00:00:00
0000-00-00 00:00:00

0000-00-00 00:00:00
0000-00-00 00:00:00

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

ვაჟა-ფშაველა

კომპოზიტორი, თეორიტიკოსი - ნოდარ მამისაშვილი

შალვა ქიქოძე

ფონდი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის #87 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

Copyright IVERIELNI.EDU.GE 2009© | webmaster@iverielni.edu.ge